საქართველოს კუთხეები
1.ქართლი
სახელწოდება
სახელწოდება მომდინარეობს ქართველთა ლეგენდარული ეთნარქის — ქართლოსისგან (2116 ქრ. წ.[1]). ლეგენდის თანახმად ქართლოსის მამამ თარგამოსმა გაუყო მის ძეებს კავკასია, ქართლოსს ერგო ტერიტორია სპერის ზღვიდან ხუნანამდე. თავად ქართლოსმა აღაშენა ქალაქი და სახელად დაარქვა მისივე სახელი ქართლი, სადაც მისი გარდაცვალების შემდეგ დაკრძალეს. ქართლოსის სახელი — ქართლელი დაერქვა ქართლში მცხოვრებ ქართლოსის მოდგმის ხალხს, ხოლო მოგვიანებით აღნიშნული სახელის ბაზაზე შეიქმნა სახელი საქართველო და შესაბამისად მის მკვიდრთ ქართველები.
ისტორია
კახეთი — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში. კახეთი ერთ-ერთი დიდი რეგიონია საქართველოს ფარგლებში.
კახეთი ცნობილია კულტურულ ძეგლთა სიმრავლით. არაერთი ეკლესია - მონასტერი თუ ციხესიმაგრე იპყრობს ტურისტებისა და ექსკურსანტების ყურადღებას. კახეთის გამორჩეულად ცნობილი კულტურული ძეგლებია: ნინოწმინდა, ბოდბე, ხორნაბუჯი, უჯარმა, სიღნაღი, გურჯაანის ყველაწმინდა, ალავერდი, ახალი და ძველი შუამთა, იყალთო, გრემი, ნეკრესი. თითოეული ეკლესია - მონასტერი ძველი ტრადიციის მატარებელია, დღემდე მოქმედებს მათი სახელობითი დღესასწაულები. ეს კი საუკეთესო ფაქტორია მომლოცველთა ან უბრალოდ კულტურული ტურიზმით დაინტერესებულთათვის მხარეს დიდი პოტენციალი აქვს ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. კახეთის მეღვინეობის ისტორია ჩვ. წ. აღ-მდე III-II საუკუნეში იწყება და დღემდე მხარის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს.
გეოგრაფია
კახეთს დასავლეთიდან ესაზღვრება ქართლი, ხოლო ჩრდილოეთით კავკასიონის ქედი დაღესტნიდან ჰყოფს. კახეთში წარმოდგენილია ჰავისა და ლანდშაფტის მრავალფეროვნება, აქ გვხვდება როგორც სუბტროპიკული, ისე სტეპური ბუნება. საშუალო ტემპერატურა ზამთარში +1.4°C, ხოლო ზაფხულში +23 — +25°C-ია. კახეთის ბუნება მეტად მრავალფეროვანია, რეგიონის მასშტაბით გვხვდება ნახევრადუდაბნოები, მარადმწვანე ტყეები და სუბალპური მცენარეული საფარიც კი. ყველაზე დაბალი ადგილი ელდარის ვაკეა 90-150 მ. ზღ. დ., ხოლო უმაღლესი თებულოს მთა — 4493 მ.
ისტორიული გეოგრაფია
კახეთი დღეს მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდება გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრისა და ალაზნის ქვემო წელს შორის), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო).
სახელწოდება „კახეთი“ პირველად ძველ ქართულ საისტორიო წყაროში — „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ქრონიკაში გვხვდება. ლეონტი მროველის თხზულებაში მოტანილი ლეგენდის თანახმად, ქართველთა წინაპარს ქართლოსს ხუთი შვილი — მცხეთოსი, გარდაბოსი, კახოსი, კუხოსი და გაჩიოსი ჰყოლია. მამის გარდაცვალების შემდეგ შვილებს მისი სამფლობელო დაუნაწილებელიათ. კახოსს რგებია მიწა-წყალი „კავკასიასა და კახეთის მთას შორის, არაგვიდგან ვიდრე ტყე-ტბამდე, რომელ არს საზღვარი ჰერეთისა“. ისტორიული კახეთი თავისი არსებობის მანძილზე დღევანდელისაგან განსხვავებულ ტერიტორიას მოიცავდა.
„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით თავდაპირველად კახეთი წარმოადგენდა მდინარეების არაგვის, იორისა და ალაზნის ხეობების მაღალმთიან რეგიონს, რომლის დედაქალაქი ქართლოსის ცოლის მიერ დაარსებული ქალაქი — დედაციხე იყო. იმავე „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ძმების კახოსისა და კუხოსს შორის მიწების გადანაწილების შედეგად, კუხოსს, კახეთის ახალი დედაქალაქის — ჟალეთის აშენების სანაცვლოდ, დაეთმო მიწების გარკვეული ნაწილი (ალაზნისა და ივრის ხეობები). აღნიშნულის შემდეგ კახეთის შემდგომი ლოკალიზაცია უკვე წარმოადგენდა ივრის პირას მდებარე ჟალეთიდან მდინარეების არაგვისა (ჭართალი, მთიულეთი, გუდამაყარი, ფხოვი) და თერგის (წანარეთი) ზემო ხეობები.
შემდგომ, IV საუკუნეში კახეთ-კუხეთის საერისთავოს დედაქალაქმა უჯარმაში გადმოინაცვლა. აღნიშნული საერისთავოს შექმნა პირველი მცდელობა იყო კახეთ-კუხეთ-ჰერეთის მიწების გაერთიანების პირველი მცდელობა.
მოგვიანებით დედაქალაქის ისტორიული ჰერეთის ქალაქ თელავში გადატანით მოხდა აღნიშნული სამი რეგიონის მიწების გაერთიანება საერთო სახელწოდებით — კახეთი.
კახეთში პოლიტიკური ცვლიელებების შედეგად სხვადასხვა დროს შედიოდა სამხრეთით — მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე გარდაბნის ქვეყანა; ჩრდილოეთით ხევი, თუშეთი, პირიქითა ხევსურეთი.
აღმოსავლეთიდან კახეთს ჰერეთის სამთავრო ესაზღვრებოდა. მათ შორის საზღვარი ვეჯინისა და გავაზის დასავლეთით, ალაზნის ველს მიუყვებოდა. დასავლეთით საზღვარი მდინარე ქსანზე გადიოდა, სამხრეთ-დასავლეთით კი — მდინარე მტკვარზე. ისტორიულ პროცესში კახეთი კულტურულად და პოლიტიკურად თანდათან ფარავს ჰერეთს. საერთოდ, როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს — „ტერმინებს „კახეთს“, „კუხეთს“ და „ჰერეთს“ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდა, შესაბამისად, „ქვეყანათა“ საზღვრებიც საკმაოდ ძნელი დასადგენი და არამყარია“.
გურია — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ისტორიული ეგრისის ნაწილი. დასახლებულია, ძირითადად, გურულებით. გურიის ისტორიული ცენტრია ქალაქი ოზურგეთი.
ისტორია
გურიაში ქვედა პალეოლითიდან მოყოლებული ადამიანის ცხოვრების უწყვეტი კვალია დადასტურებული. ძველი ქვის ხანის ნაშთები ხვარბეთ-ნაღობილევშია აღმოჩენილი. დგინდება კულტურათა თანმიმდევრული განვითარების პროცესი, რაც ბრინჯაოსა და შემდგომი ხანის მთელ მანძილზე გრძელდებოდა. ნეოლითური პერიოდის ნამოსახლარებია ანასეული და გურიანთა. ანასეული I ადრენეოლითური უკერამიკო კულტურის ძეგლია, ანასეული II და გურიანთა კი წარმოადგენენ გვიან, განვითარებულ ნეოლითს, სადაც ქვის იარაღებთან ერთად გვხვდება გამომწვარი თიხის ჭურჭელი, კაჟის, რიყის ქვისა და ობსიდიანისგან დამზადებული დანები, სახვრეტები, ხელსაფქვავები, სათლელები, სატეხ-სასრესები, ცულები, კაჟის ისრისპირები, წერაქვის მსგავსი იარაღები, ხელჩაქუჩები, შურდულის ქვები. ნეოლითის პერიოდის არქეოლოგიური მასალაა აღმოჩენილი აგრეთვე ნაგომარსა და ვაკიჯვარში. ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება მელექედურში, ბაღდადში, ვაკიჯვარში, შრომასა და მაკვანეთში აღმოჩენილი ნივთები. ურეკ-წვერმაღალაში აღმოჩენილი ურეკის განძი ასახავს ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრისა და I ათასწლეულის I ნახევრის პერიოდს, როდესაც ძლიერდება კოლხეთის სამეფო და რკინის წარმოება.
ძვ. წ. VI საუკუნეში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა კოლხეთის მემკვიდრე სახელმწიფო ეგრისის სამეფო, რომლის შემადგენლობაშიც იყო მოქცეული გურიის ტერიტორია. გურიის ტერიტორია და განსაკუთრებით მისი სანაპირო ანტიკური ხანიდან გამოიყენებოდა ვაჭრობის მიზნით. მდინარეები სუფსა (მოგროსი) და ნატანები (ისისი) პირველად მოხსენიებული აქვს ბერძენ გეოგრაფ ფსევდო სკილაქს კარიადნელს, აგრეთვე ფლავიუს არიანეს. ახ. წ. მეოთხე საუკუნეში გეოგრაფმა კასტორიუსმა ამ მდინარეთა შესართავები დაიტანა რუკაზე „Tabula Peutingeriana“. ეს მდინარეეები სხვებთან ერთად ანტიკური პერიოდიდან აკავშირებდა რომის აღმოსავლეთ პროვინციებს დასავლეთ საქართველოსთან. ამ გზით გაჰქონდათ ბიზანტიელებს ნედლეული და შემოჰქონდათ ნაწარმი.
ეგრისის სამეფოს ფარგლებში გურია ლაზიკის პროვინციას წარმოადგენდა. ეს მხარე ეგრისის სხვა რეგიონებთან შედარებით დაუსახლებელი ყოფილა. გურიას არ იცნობენ აგათია სქოლასტიკოსი და პროკოპი კესარიელი. გურიის დაწინაურება ქვეყნის ფეოდალიზაციასთან ერთად ხდება და ის ბიზანტიის გავლენის საწინააღმდეგოდ მიმართული აქტი იყო. ამ დროს ამ რეგიონში აქტიურად მიმდინარეობდა ქართიზაციის პროცესები, ხდებოდა ჭანური ეთნოსის გაქართება. VII საუკუნის პირველ ნახევარში აღმოსავლურ ქართული ეთნიკური ჯგუფების ამ რეგიონში დიფუზიის შედეგად ხდება გურიის ჩამოყალიბება. ქართლი კულტურულად და ეკლესიურად დასავლეთ საქართველოში იჭრება გურიის გზით.[8] ამ პერიოდს ემთხვევა გურიის მთავარი ციხე-ქალაქის — ვაშნარის — ძლიერება.
გურიის შესახებ ცნობა პირველად ჯუანშერ ჯუანშერიანის ნაშრომში გვხვდება, სადაც ავტორი ჩამოთვლის საქართველოს კუთხეებს, გადმოსცემს ქართლის ერისმთავრის არჩილის მიერ გურია-საბერძნეთის საზღვარზე ციხის მშენებლობის ამბავს და მურვან-ყრუს ლაშქრობის აღწერის თარიღს (735-737).
ტრადიციები
გურიაში ახალ წელს „კალანდას“ ეძახდნენ. იგი წმინდა ბასილი დიდის, ხსენების დღეს ემთხვევა. კალანდის მთავარი ატრიბუტია ჩიჩილაკი, რომელსაც მსხვილი თხილის ჯოხისგან ამზადებენ. ჩიჩლაკი სიცოცხლის ხის ნაირსახეობაა. მას ახალი წლის წინა დღეს თხილის ან იმერული ხეჭრელის ტოტებისაგან ამზადებდნენ და კურკანტელით, მარადმწვანე სუროთი, რიტუალური პურით, ფერადი ბაფთებითა და ხილით რთავდნენ. ჩიჩილაკი ნაყოფიერებისა და ბარაქიანობის მომნიჭებლად ითვლებოდა. ჩიჩილაკს წყალკურთხევამდე ინახავდნენ,შემდეგ კი წვავდნენ ან წყალს ატანდნენ.
კალანდის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე მთელი ოჯახი ფეხზე დგებოდა. მამაკაცები ღორის თავს, საახალწლო კვერს, საახალწლო სანოვაგით დატვირთულ გობს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს აიღებდნენ და მარნისკენ გაეშურებოდნენ. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი გობს ხმაამოუღებლად დადგამდა მიწაზე, ჩაფს ღვინით გაავსებდა და წმინდა ბასილს ოჯახის ბედნიერებას დაჩოქილი შესთხოვდა. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს აიღებდა და წმინდა ბასილს შეეხვეწებოდა, რომ ამ კაკალივით აევსო ოჯახი ყოველივე სიკეთით. კაკალს გატეხდნენ და, თუ ცარიელი აღმოჩნდებოდა, რაც, გურულების რწმენით, უბედურების მომასწავებელი იყო, მეკვლე ხელმეორედ ეხვეწებოდა წმინდანს, რომ ოჯახი ცარიელი კაკლისთვის არ დაემსგავსებინა. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართებოდა. მეკვლე კარებზე სამჯერ დააკაკუნებდა შემდეგი სიტყვებით: „კარი გამიღე!“ სახლიდან სამჯერ უპასუხებდნენ: „რა მოგაქვს?“. მეკვლე პასუხად ჩამოუთვლიდა: „მშვიდობა, ღვთის წყალობა, ჯანჯუხა, ხაჭაპური, ტკბილეული..." შემდეგ მას კარებს უღებდნენ და იწყებოდა საახალწლო მილოცვები.
საახალწლო სუფრის აუციელებლი ელემენტია საცივი. საშობაო კვერი ტრადიციული გურული ხაჭაპურია (ღვიძელი). ესაა ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპური მოხარშული კვერცხით. ხაჭაპურში ჩატანებული კვერცხი ხვავის, ბარაქის, ოჯახის სიმტკიცისა და გაუტეხელობის სიმბოლო იყო. გურული ღვეზელი იყო გათხოვილი ქალის მოკითხვისას მშობლების ძღვენის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. ნახევარმთვარის ფორმა ძველი გურულების რწმენით ძლიერების სიმბოლო იყო.
საშობაო კვერი ცხვებოდა კეცზე, წითლად აელვებულ ნაკვერჩხალზე. მოხარშულ კვერცხებს ორი დღით ადრე შუაცეცხლზე ან ბუხარში შეკიდებდნენ ან ფრცქვნიდნენ, გაფიცხებულ კეცზე დააწყობდნენ და ნაკვერჩხალზე ბრაწავდნენ.
სპორტული ტრადიციები
გურიის სპორტულ ტრადიციათაგან აღსანიშნავია დოღი, ლელობურთი და ბაზიერობა.
ლელოს ტრადიცია სათავეს შუხუთფერდის ბრძოლიდან იღებს. ლელოს გატანის წესები ასეთია: ბურთი იწონის ერთ ფუთს (16 კილოგრამს). ბურთის ტყავი ივსება სილით და ნახერხით. ძველად სანამ ბურთს ბოლომდე მოკერავდნენ, მანამდე აღდგომის წინა ღამეს, ბურთში აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა უძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული გაქრისტიანებული ღვინის დღესასწაულია. აგუნა შავი ღვინის, თაფლის, ბროწეულის წვენის ნაზავია. გამარჯვებული ის არის, ვინც ლელოს ღელის გადაღმა გადაიტანს თავის მოთამაშეებიანად.
ბაზით ანუ მტაცებელი ფრინველით ნადირობა, როგორც სპორტის სახეობა, გურიაში ძველთაგანვე იყო გავრცელებული. ქორით ნადირობდნენ ხოხობსა და ტყის ქათამზე, იშვიათად იხვზე, მიმინოთი — მწყერზე, ღალღასა და წყლის ფრინველზე ქორსა და მიმინოს ახლაც წვრთნიან (მართავენ). ბაზს იჭერენ სამკუთხედი ფორმის ჩიტბადით გორაკზე (საირაო), სადაც შემოდგომაზე თავს იყრიან გადამფრენი მტაცებელი ფრინველები. ქ. ოზურგეთში სექტემბრის თვეში დაწესებული იყო ბაზიერის დღე. ამჟამად ეს დღე ჩოხატაურში აღინიშნება.
ყოველი წლის 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში იმარტება ტრადიციული დოღი. დოღის ტრადიცია XX საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. მასში მონაწილეობას იღებენ სააქრთველოს სხვადასხვა კუთხეების ცხენოსნები. ამავე დროს იმართება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა - გაყიდვა
Comments
Post a Comment